საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი "ვისწავლოთ ქართული" გრძელდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით ინტეგრირებული სწავლების პროგრამა „ვისწავლოთ ქართულის” წარმატებულ მსმენელებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის შესახებ გადაღებული ფილმი და სწავლების პროცესის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა.

პროექტის „ვისწავლოთ ქართულის“ კოორდინატორმა, თსუ პროფესორმა ეკატერინე კობახიძემ შეაჯამა პროგრამის ერთი წლის მუშაობა. მისი ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა „ვისწავლოთ ქართული“ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სამივე რეგიონი (ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი) მოიცვა. 2016 წლის მონაცემებით, პროექტს ჰყავს 5000-ზე მეტი მსმენელი და მეცადინეობები დაახლოების 73 სოფელში მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და კურსის მსმენელები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტი უკვე ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს, წელს სახელმწიფო ენას დაემატა კონსტიტუციის საფუძვლების შესწავლაც. „ რადგან მომდევნო წელი საქართველოს პრეზიდენტმა განათლების წლად გამოაცხადა, ჩვენ ამ პროექტის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რადგან უფრო მეტმა საქართველოს არაქართველმა მოქალაქემ შესძლოს ქართულ ენაზე განათლების მიღება.“-აღნიშნა აბაშიშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა ნებისმიერი ცივილიზებული სახელწიფოსთვის არის ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვის წინაპირობა და ამ ამოცანას ემსახურება აღნიშნული პროექტი.

პროექტის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე ისაუბრა ერთ-ერთმა მსმენელმა გარდაბნის რაიონიდან აიგიუნ მამედოვამ, რომელმაც აღნიშნა: “მე ფარმაცევტი ვარ და ჩემი საქმიანობისთვის ძალიან მჭირდებოდა ქართული ენის ცოდნა. ამ სურვილის ასრულებაში პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ დამეხმარა, უკვე მეორე საფეხური დავასრულე და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგით რაც მივიღე. ჩემი სურვილი იქნება ასეთი პროგრამების არსებობა, გაგრძელება, რათა უფრო მეტი ეთნიკურად არაქართველი დაეუფლოს ქართულ ენას.“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტის „ვისწავლოთ ქართული" განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა ყველა მსურველს სთავაზობს სახელმწიფო ენის შესწავლას. პროექტი განხორციელდა სამი რეგიონის (ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე–ჯავახეთი), 9 მუნიციპალიტეტის (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, საგარეჯო, ლაგოდეხი), 73 სოფელში, სადაც 5000–ზე მეტი მსმენელია. ამ პროგრამისთვის შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო (შემდგენელი-თსუ ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია), ხოლო სწავლებას რეგიონებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებოდნენ.

თარიღი: 26/10/2018